არჩილ თალაკვაძე - უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ
არჩილ თალაკვაძე - უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ხელოვნებაში თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, – ამის შესახებ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის.

„ჩემი პოზიცია დღესაც არის იგივე, ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს საჭიროდ. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც მიუხედავად დაძაბულობისა, შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ძალადობის პრევენცია. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც მოქალაქეებმა, რომლებიც საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, მიმართეს ძალადობას, რეაგირება იყო მყისიერი და რა თქმა უნდა, ეს იქნება რეაგირების საგანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მომავალზე, საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, საქართველოს სჭირდება კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ვფიქრობ ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, უფლებები იყოს დაცული და სახელმწიფო ასეც გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, უსაფუძვლოა განცხადებები, რომ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და პროტესტის სხვა ორგანიზატორები ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობენ.

„ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა და შეძლო პრევენცია სიტუაციების, რომელიც შეიძლებოდა, ფიზიკურ კონტაქტში და დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. ერთეულ ფაქტებს, სადაც ამას ჰქონდა ადგილი, თვალს მედიით ვადევნებდი . პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება და მოხდა ამ სიტუაციების განეიტრალება. რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამას ქვეყანაში არეგულირებს კანონი და ინსტიტუტები, რომლებიც კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.