არჩილ თალაკვაძე - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიგვიღია
არჩილ თალაკვაძე - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიგვიღია

საქართველოს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც სიაში გარდაცვლილი პირების შეყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრინციპული საკითხი იყო, რომ როგორც გიგა ოთხოზორიას, ისევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები სიაში ყოფილიყვნენ და ასეც მოხდა.

„თუ ოკუპირებული აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, ამას სერიოზულად განვიხილავთ. რაც შეეხება ოპოზიციის კომენტარებს, ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერ ხედავს. აღნიშნული აჩვენებს, რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული. საქართველოს სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ცალმხრივად ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო ინიციატივებს აგრძელებს. დანაშაულის ჩამდენი პირები კი, მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან.

„ამ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთში ან ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან და დიალოგთან, რაც აფხაზ და ოს ძმებთან გვაქვს. ამ საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, სია დახურული არ არის და მასში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს – დაემატოს გვარები მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინება.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

ამასთან, როგორც დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, ასევე მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.

დატოვე კომენტარი