არჩილ თალაკვაძე - სუს-მა პროფესიონალურად იმუშავა, მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული
არჩილ თალაკვაძე - სუს-მა პროფესიონალურად იმუშავა, მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების, მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება მიუღებელია და ქვეყანაში არავის მიეცემა ამის უფლება.

„სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. გამოძიება გრძელდება და უნდა დადგინდეს, კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოს და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.