არჩილ თალაკვაძე - სხვა არჩევანი არ არსებობს, პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი ეყრება
არჩილ თალაკვაძე - სხვა არჩევანი არ არსებობს, პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი ეყრება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ამ საკითხს კენჭს უყრის.

„საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და კანონები პირდაპირ ითვალისწინებს, რომ როდესაც ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი საფუძველი, რომ მას შეუწყდეს უფლებამოსილება. შესაბამისად, სხვა არჩევანი განხილვისთვის აქ არ არსებობს. პარლამენტმა, საპროცედურო კომიტეტმა ეს განიხილა, გადასცა პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე, როგორც კი განახლდება, კენჭი ეყრება ამ საკითხს“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ახლა უკვე საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს და ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.