არჩილ თალაკვაძე - სარწმუნო და ავტორიტეტული კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 56 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე - სარწმუნო და ავტორიტეტული კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 56 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა აქვს

სარწმუნო და ავტორიტეტული კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ 56 პროცენტზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ენდიაის“ კვლევას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის, საპარლამენტო არჩევნებზე სამართლიანად გაიმარჯვოს.

„ჩვენ ვიცით, ძალიან სარწმუნო, საჯარო და ავტორიტეტული კვლევებით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ბოლო კვლევებით, ეს არის 56 პროცენტზე მაღალი. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო გავზრდით. შესაბამისად, კვლევები ერთმანეთს ავსებს და ამ შემთხვევაში, ორი ან სამი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა პასუხს გაძლევთ კითხვაზე – რეალურად, თუ ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს, რომელ პარტიას რამდენი აქვს მხარდაჭერა. ეს არ არის პირველი კვლევა და თუ მოქალაქეების ნაწილი შესაძლოა, თავის გადაწყვეტილებას რომელიმე კვლევით ორგანიზაციასთან არ აფიქსირებს, ამ ნაწილში შეგიძლიათ, სხვა საზოგადოებრივ კვლევებს დაეყრდნოთ. საზოგადოებრივი კვლევები არის იმისთვის, რომ შედეგების გადამოწმებითა და ურთიერთშეჯერებით რეალური დასკვნები გამოიტანოთ, თუ რა ვითარებაა დღეს. რა თქმა უნდა, მოქალაქეების არჩევანს პატივს ვცემთ და დემოკრატიული არჩევნებით მზად ვართ, სამართლიანად გავიმარჯვოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88 პროცენტი), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას (59 პროცენტი).