არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური დემოკრატიისთვის ნორმალურია
არჩილ თალაკვაძე - საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური დემოკრატიისთვის ნორმალურია

იმედი გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი წარმატებით ჩაატარებს საარჩევნო კამპანიას და მიიღებს ყველაზე მეტ მხარდაჭერას ამ არჩევნებში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, ის აუცილებლად დაესწრება ოზურგეთში ზურაბიშვილის ხალხთან შეხვედრას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

„მიგვაჩნია, რომ ზეპარტიული კანდიდატი, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, იქნება ყველაზე უფრო ეფექტური, რათა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესები წარმოაჩინოს.

რაც შეეხება კამპანიას,  ჩემი საამაყო ოზურგეთის მაჟორიტარი ვარ და ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავესწრები შეხვედრას“,-განაცხადა თალაკვაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მეორე ტური, თალაკვაძე ამბობს, რომ წინასწარ ამ საკითხზე განცხადებას ვერ გააკეთებს. თუმცა, დეპუტატის თქმით, დემოკრატიისთვის მეორე ტური ნორმალურია

„ვფიქრობ, რომ არჩევნები არის იმისთვის, საზოგადოებამ გადაწყვიტოს, როგორი იქნება ეს გამარჯვება. ასე რომ, წინასწარ არ გავაკეთებ განცხადებას.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვოს, თუმცა დემოკრატიისთვის მეორე ტური ნორმალურია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.