არჩილ თალაკვაძე - რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე
არჩილ თალაკვაძე - რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები პრაქტიკულად არ ექნება, რადგან რუსთავში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძლიერი გუნდი, პროგრესული მერი და კვალიფიციური კანდიდატი ჰყავს.

„ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე, თუმცა რუსთავში შუალედური არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს, რადგან რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული, რომლებიც ერევიან რუსთავის მართვაში. წლების წინ, თუ რა და როგორ ხდებოდა, ეს კარგად იციან რუსთაველებმა. ჩვენ ისე, როგორც არასოდეს, რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უალტერნატივოა და მმართველი გუნდი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ და ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ექნებათ შეხვერდები.