არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - 14-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის გავრცელების შეკავებას, თქვენთვის რატომ არის ეს გაუგებარი?
არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს - 14-მა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის გავრცელების შეკავებას, თქვენთვის რატომ არის ეს გაუგებარი?

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკურ ნაწილზე რეაგირება უკვე დაწყებულია.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა ამ დრომდე არ აქვს.

„იმას, რასაც მსოფლიოში 14 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციები მიხვდნენ, თქვენთვის რატომ არის გაუგებარი? ამის გააზრება მართლა მიჭირს. 14 ქვეყანამ და ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა ვირუსის მასიური გავრცელების შეკავებას, ნაბიჯები ყველაზე სწრაფად და ყველაზე ეფექტურად გადადგა. გისმენდით და რომ არ მოგატყუოთ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ორი რომან გოცირიძე გვესწრება სხდომაზე, რომელიც ამბობს, რომ მთავრობა კარგს არაფერს ითვალისწინებს და არც ერთი სწორი რჩევა და გადაწყვეტილება არ მიუღია და მეორე რომან გოცირიძე იმავე გამოსვლაში კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისი და მისი პარტიის ყველა კარგი ინიციატივა ზეწოლის შედეგად ხელისუფლებამ გაითვალისწინა. სჯობს, მინიმუმ, ერთსა და იმავე გამოსვლაში ამ ორ რამეს თავი არ მოუყაროთ.

მესმის, რომ თქვენ ხართ ყველაზე, ყველაზე ძლიერი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლების, მაგრამ ახლა არის თანამშრომლობის დრო და დიდ ძალისხმევას ვერ დავხარჯავთ, რომ თქვენს კრიტიკას და ბევრჯერ უსაფუძვლო კრიტიკას ვუპასუხოთ და ამაზე ბევრი დრო დავხარჯოთ. ბიუჯეტის ნაწილზე საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ, რეაგირება ეკონომიკურ ნაწილზე, კრიზისზე უკვე დაწყებულია. თქვენ თქვით, რომ ჯერ გეგმაც კი არ არისო, გეუბნებით, რომ ნაბიჯები უკვე გადადგმულია, არათუ, გეგმა არ არსებობს. ეს ნაბიჯები მიმართულია ორ ამოცანაზე, როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს, კერძო სუბიექტებს. პირველი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადები, მეორე სესხებზე შეთანხმება, მესამე – პენსიების ჩარიცხვა წინასწარ. შემიძლია, ეს სამი მაგალითი გავაგრძელო. საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ, საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანი ხართ, სჯობს, თქვენი ცოდნა კრიზისში საერთო პრობლემების მოგვარებას მოახმაროთ”, – მიმართა გოცირიძეს თალაკვაძემ.