რომან გოცირიძე - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უმკაცრესად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ის წესები, რაც აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად
რომან გოცირიძე - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უმკაცრესად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ის წესები, რაც აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია არ იქნება წარდგენილი, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები იქნება სრული სიცრუე, რადგან დოკუმენტის გარეშე დანაპირები არ სრულდება და მას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე რომან გოცირიძემ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ყველა ოჯახის სასურსათო მიზნობრივი დახმარება და ასევე, მთავრობამ ბიზნესის გადარჩენის გეგმა უნდა წარადგინოს, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს საგადასახადო შეღავათები.

„ხელისუფლებამ ქვეყანაში ხელი ორმაგ სტანდარტებს შეუწყო, რადგან გუშინ ვნახეთ, რა ხდებოდა ქუჩაში, ბზობაზე. კერძოდ, თუ როგორ იცავდა კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესებს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე. სამწუხაროდ, ხელისუფლების ეს ქმედება განპირობებული იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობით, გარკვეული გავლენიანი წრეების გულის მოსაგებად, რასაც საბოლოო ჯამში საარჩევნო სული დასდევდა. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უმკაცრესად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ის წესები, რაც აუცილებელია ქვეყნის გადასარჩენად და რასაც, ოპოზიციამ მხარი კრიტიკის გარეშე დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დავუჭირეთ, ხელისუფლებას სიტყვაზე გენდეთ, რადგან ვიცოდით, რა შედეგები უნდა მოჰყოლოდა”, – აღნიშნა გოცირიძემ.

დეპუტატი ამბობს, რომ დეკრეტის მხარდაჭერით, ოპოზიციამ მთავრობას უდიდესი უფლებები მიანიჭა, რაც ეხებოდა ბიუჯეტის ხუთი პროცენტის განკარგვის უფლებას, რაც დაახლოებით 750 მილიონი ლარია.

„რას ვხედავთ ახლა? თურმე, გაურკვეველია, როდის რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მთავრობა. მთავრობამ არ იცის, ანტიკრიზისული გეგმა როდის იქნება, თურმე ელოდებიან, უცხოური სახელმწიფოებიდან დახმარებებს როდის მიიღებენ. ეს შეიძლება იყოს ერთ წელში ან ერთ თვეში. თურმე, ბიუჯეტს ელოდებიან მაისში. დღეს, ბიუროს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის საკითხის განხილვას ველოდებოდით. ალბათ, საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს გამოცხადდება პრეზიდენტის დეკრეტით. საგანგებო მდგომარეობის პირობებსა და ბიზნესის ადმინისტრაციულად გაჩერების ვითარებაში სახლშია ჩაკეტილი ასობით ათასი მოქალაქე, ვინც სამუშაო ადგილი დაკარგა და მას რას უპირებთ? მსოფლიო ბანკის სიღარიბის კვლევაში წერია, რომ ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტი არის საშუალო ფენა, 69 პროცენტი ღარიბია, 32 უკიდურესად ღარიბია. კატასტროფული ვითარებაა ქვეყანაში.

ხელისუფლებას იმას ვერ დააბრალებ, რომ კორონავირუსის გამო მთელი ტურიზმი ჩამოშალა, მაგრამ ის მაინც უნდა დაიჯეროთ, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი ერთ-ორ თვეში გაღატაკდება. სად არის დახმარების პაკეტი, რომელსაც შეგვპირდით? სად არის კრიზისული გეგმა? ორი მილიარდი ლარი ბიუჯეტში არის ზღაპარი. რისი ორი მილიარდი ლარი გამოიყო? ეს არის რაღაც სავარაუდო ღონისძიებების არითმეტიკული ჯამი, მათ შორის, 600 მილიონი არის საწარმოებისთვის დღგ-ს დაბრუნება, რაც მისია და უნდა დაუბრუნო“, – აღნიშნა გოცირიძემ.