არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი არა სჭირდება, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს
არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი არა სჭირდება, რომ ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი დატოვოს

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ქართველმა ხალხმა ორჯერ უკვე უთხრა – არა.

„მას ორი არა უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მესამე არას მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, ვინაიდან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული და პარტიების საქმიანობის პრინციპები. ვფიქრობ, ჩვენთვის ის ნაკლებად საინტერესოა. როგორც ჩანს, ის უფრო საინტერესოა ოპოზიციისთვის. მის პარტიაში, სხვა პარტიებშიც გრძობენ, რომ ის ხელს უშლის რეალურად ოპოზიციის საქმიანობას. „ქართული ოცნება“ მომავალზე ვართ ორიენტირებულნი, გვაქვს ჩვენი პროგრამა, ვთავაზობთ საზოგადოებას სიმშვიდეს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, დაგეგმილი გვაქვს განათლების შემდგომი ფუნდამენტური რეფორმა, შევძლებთ ეკონომიკის აღდგენას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. სწორედ განახლებული გუნდით და ძლიერი პოლიტიკური პროგრამით მივალთ თოთოეულ მოქალაქესთან. დარწუმებული ვარ, რომ მივიღებთ ბევრის მხარდაჭერას. ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება დემოკრატიის გაძლიერებისა და უკეთესი მომავლის. ჩვენ მზად ვართ, მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამო უკრაინაშიც უხერხულ მდგომარეობაში გრძნობენ თავს.

„ვფიქრობ, ჩვენს მეგობრებს სათქმელი გადავეცით. მათ კარგად იციან და თვითონაც, როგორც ჩანს, უხერხულ მდგომარეობაში არიან იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ეს უფრო მეტად საკუთარი პარტიის და ოპოზიციის თავის ტკივილია. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დღეს არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭის ხელმძღვანელმა ქართულ მედიასთან 2020 წლის საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა.