არჩილ თალაკვაძე - რეჟიმმა აღიარა რეჟიმი და ორივე რეჟიმი გახარებულია
ბაშარ ალ ასადის ამ გადაწყვეტილებას სირიელი ხალხის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა არ აქვს და ვერც ექნება, რადგან ასადს სირიელი კაცების, ქალების და ბავშვების ხმა დიდი ხანია აღარ ესმის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმს არ ესმის აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოების, რომელსაც აღიარების ილუზია და იარაღის ჟღარუნი კი არა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროგრამები, ახალი ინფრასტრუქტურა და განვითარებულ სამყაროსთან მუდმივი კავშირი სჭირდება.
„საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის. ჩვენს გულებში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გულებში ერთი სიმართლეა და ეს სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარებისგაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.