არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას თუ არ შეუძლია, ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიოს, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას თუ არ შეუძლია, ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიოს, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ

ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს. თუ მათ არ შეუძლიათ ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიონ, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ  საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

„ოპოზიციას ორ ნაბიჯშიც რომ არ უნდა ენდო, ეს კიდევ ერთხელ ჩანს. თამარ ჟვანია ინკლუზიური პროცესის შედეგად იყო არჩეული და ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი რჩევით იყო ფორმირებული წინა ადმინისტრაცია, შემდეგ ვნახეთ, საკუთარ გადაწყვეტილებას როგორ შეაქციეს ზურგი და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აკრიტიკებდნენ ჟვანიას. ოპოზიციას არ აქვს რეალური რესურსი და შესაძლებლობა, რომ თავის თავზე ელემენტარული პასუხისმგებლობა აიღონ, მოქმედებენ დემოკრატიული პროცესების საწინააღმდეგოდ. დემოკრატია არ არის პროცესისგან გამიჯვნა, პროცესისგან გაბუტვა და თვალებზე ხელის აფარება, რომ პროცესში მონაწილეობა არ უნდათ. დემოკრატია და მომწიფებური პოლიტიკური სისტემა არის ის, როცა ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.

წინასწარ ვხედავ, თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ დასრულდება ასეთი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები. ოპოზიციას, რომელსაც არ უნდა მცირე პასუხისმგებლობის აღება, მზად არ არის, დიდი პასუხისმგებლობა ჩაიბაროს. თუ მათ არ შეუძლიათ ცესკო-ს თავმჯდომარე შეარჩიონ, ქვეყნის მართვას არავინ ჩააბარებთ. ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება მაშინ, როცა იმედი არ გაქვს, არჩევნებში კარგი შედეგების მიღების და ცდილობ, თქვა, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობა. თუ ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

დატოვე კომენტარი