არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით
არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით

„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის ამსახველ მასალას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლა სამართალდარღვევაა.

„კამპანიაში ჩართულ ყველა ადამიანს მინდა ვუთხრა, წინასაარჩევნო პროცესების ხელშეშლა იმ ფორმებით, როგორსაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი და დღესაც ვნახეთ ამის მცდელობა, სამართალდარღვევაა. ამ ჩანაწერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწვდით. დღეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სცადა ამ შეხვედრაზე რაღაც ხმაური შეეტანა, მაგრამ მან საბოლოოდ მიიღო პასუხი, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება მისი პრეზიდენტიც. ეს იყო ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატის და დარწმუნებული ვარ, მომავალი პრეზიდენტის განცხადება”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, დღეს ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეხვედრაზე პროვოკაციის მოწყობა სცადეს.