არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 180 გრადუსით შეცვალა პოზიცია, როგორც კი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი გუნდის პრინციპული თანხმობა დაინახა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 180 გრადუსით შეცვალა პოზიცია, როგორც კი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი გუნდის პრინციპული თანხმობა დაინახა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც რომელზეც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება, ოთხშაბათს, 6 ივნისს გაიმართება და კომისია ამის შემდეგ შეუდგება მუშაობას,  – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები შედგა და შეთანხმდა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა ექნება უმცირესობას.

„შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარეზე კანდიდატურასაც უმცირესობა წარადგენს. რაც შეეხება კვოტებს, კვოტები გადანაწილდება კანონმდებლობის, რეგლამენტის შესაბამისად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, კომისიის მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ პარლამენტმა გააკეთოს ყველაფერი მართლმსაჯულების ბოლომდე და სრულყოფილად განხორციელებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მოიხსნას კითხვები, რომელიც თალაკვაძის შეფასებით, საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით აქვს.

რაც შეეხება კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობას, არჩილ თალაკვაძის თქმით, მათ როგორც კი დაინახეს მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია 180 გრადუსით შეცვალეს თავიანთი პოზიცია. თუმცა, როგორც უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოცემული მომენტისთვის ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა კომისიის საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა.

„როგორც ნახეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ გააკეთა განცხადება და ითხოვდნენ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ როგორ კი დაინახეს ჩვენი გუნდის პრინციპული პოზიცია და თანხმობა საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, მათ მომენტალურად, 180 გრადუსით შეცვალეს საკუთარი პოზიცია და მხარი არ დაუჭირეს კომისიის შექმნას. ჯერჯერობით, ამ მომენტისთვის, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ კომისიის საქმიანობაში ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ. თუმცა რამდენად პრინციპულ და თანმიმდევრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას ოთხშაბათის პლენარული სესია გვიჩვენებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები დღეს გადანაწილდა. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება.