არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ შემდეგ არჩევნებზე ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ შემდეგ არჩევნებზე ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტიული რეიტინგების თვალსაზრისით, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ზოგადად, მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს როცა არ ეთანხმება და საფუძვლიანი კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ ამბობს.

თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგს თანდათან კარგავს.

„ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და, რასაკვირველია, პატივს ვცემთ სამუშაოს, რასაც ისინი ასრულებენ. რაშიც არ ვეთანხმებით, იმასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვის ნიშნები გვაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ ხოლმე. როგორც ჩანს, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიებს შორის რეიტინგებში ჩანს. სხვა საკითხებზეც საინტერესოა ამ კვლევაში გამოხატული პოზიციები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ორი კვირის წინ იყო 15. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ არჩევნების შედეგით ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი, როლი, რაც დემოკრატიაში ნამდვილ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ემიგრაციასთან დაკავშირებით NDI-ის კვლევის შედეგებს, თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ბევრად მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ბევრად ნაკლები დაბრუნდა უკან. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ემიგრაციის თემა მუდმივად სპეკულაციის საგანია.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. ეს ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში და ამაზე სპეკულაცია მათ ინტერესებში შედის. ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს არ ჰქონდა უვიზო რეჟიმი. უვიზო რეჯიმი რომ ჰქონოდა, ალბათ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ წევრები დარჩებოდნენ ქვეყანაში, რადგან კატასტროფული, სავალალო ვითარება იყო როგორც ადამიანების უფლებების, ისე მედიის, აზრის გამოხატვის თუ პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით.

მაშინდელ ხელისუფლებას მთლიანად მონოპოლიზებული ჰქონდა ეკონომიკა და ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ოფიციალური სტატისტიკით, წინა ხელისუფლების დროს, 10 წელიწადში ბევრად მეტმა ადამიანმა დატოცა ქვეყანა და ბევრად ნაკლები დაბრუნდა უკან, ვიდრე ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ეს მიუთითებს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, რომ მიგრაცია მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი საკითხია, მაშინ როდესაც ქვეყნებს შორის მეტი ინტეგრაციაა, საზღვრებია გახსნილი. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მუდმივი სპეკულაციის საკითხად აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.