NDI - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია
NDI - ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც კვლევაშია ნათქვამი, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას კარგად აფესებს ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 42 პროცენტი, ცუდად – 48 პროცენტი.
კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. კერძოდ, კითხვაზე, – რამდენად ხართ ან არ ხართ დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა შეძლებს ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას? – 35 პროცენტი ამბობს, რომ დარწმუნებულია, 50 პროცენტი არ არის დარწმუნებული, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ, ხუთი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ“, – აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვის შედეგებში ასევე ნათქვამია, რომ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

კვლევის შედეგების თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კერძოდ, კითხვაზე, – რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის.

კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.