არჩილ თალაკვაძე - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არა მხოლოდ მინისტრი მონაწილეობს
როდესაც ვსაუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, არამედ – საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ტოკ-შოუში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი კანონმდებლობით არის დარეგულირებული.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თეა წულუკიანთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებში ეს ნაწილები საერთოდ არ არის ნახსენები.
„რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ ის, რომ ამ ადამიანებს ჩამოყალიბებული აქვთ მიზანი და ამოცანა, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩაში აქციები ჩაატარეს და მთავარი მოთხოვნა იყო ხელისუფლების ჩამოშლა და სისტემის დანგრევა, დღეს უკვე დაიწყეს საუბარი მინისტრის გადადგომაზე“ – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს სურს კანდიდატის დასახელება, პროცესი ღიაა.
„მოვიდნენ, დაასახელონ, დაასაბუთონ, ჩვენ მზად ვართ პარლამენტშიც და მთავრობაც მზად არის, რომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელოს“ – განაცხადა თალაკვაძემ.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.