არჩილ თალაკვაძე - ლევან ყიფიანის შემდეგ ზაზა ოქუაშვილი უნდა გამოიკითხოს, რათა დადგინდეს, რა გეგმა ჰქონდა
არჩილ თალაკვაძე - ლევან ყიფიანის შემდეგ ზაზა ოქუაშვილი უნდა გამოიკითხოს, რათა დადგინდეს, რა გეგმა ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოკითხონ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, რათა დადგინდეს, რა გეგმა ჰქონდა.

არჩილ თალაკვაძის აზრით, ნათლად ჩანს, რომ საქმე დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავს არიდების მცდელობას შეეხება.

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი, სხვა კომპანიებმა პატიოსნად გადაიხადონ გადასახადები და ერთმა კი ამ ვალდებულებას თავი აარიდოს.

„ვფიქრობ, უნდა გამოიკითხოს ზაზა ოქუაშვილი. ბოლომდე უნდა მოხდეს იმ საკითხების გამოძიება, რაზეც ასეთი ბრალდებები მოვისმინეთ ხელისუფლების მიმართ – მთელი ორკვირიანი კამპანია და სერიალები ჩანაწერების გამოქვეყნებით. ჩვენ პრინციპულად მომხრე ვართ, რომ ახლა უკვე გამოიკითხოს ოქუაშვილი და ბოლომდე დაადგინოს გამოძიებამ, რა გეგმა ჰქონდა და რეალურად რა გეგმასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ყიფიანი დღეს საქალაქო სასამართლოში „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეზე გამოიკითხა. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად სჭირდებოდა.

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო. საქმის შესწავლა 180-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.