არჩილ თალაკვაძე - კონგრესმენი ოლსონი არ მალავს, რომ დაკავშირებულია „ფრონტერასთან“, ტონს და განცხადებას ვერ მოვუწონებდი
არჩილ თალაკვაძე - კონგრესმენი ოლსონი არ მალავს, რომ დაკავშირებულია „ფრონტერასთან“, ტონს და განცხადებას ვერ მოვუწონებდი

საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოს, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან აქვს დადებითი შეფასებები, – ამის შესახებ კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ასახული შესაბამის ანგარიშებში, რეზოლუციებში, მხარდამჭერ აქტებსა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებში.

„ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. რაც შეეხება კოლეგების, კონგრესმენების განცხადებებს, ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია როგორც ჩვენი მეგობრების მოსაზრებები. მათ აქვთ კითხვები,  ჩავალთ ვაშინგტონში და ამ კითხვებზე ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდით. დამიჯერეთ, ჩვენს თანამშრომლობას ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ეს მომენტი. გვაქვს დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტი. მეც მივემგზავრები ვაშინგტონში და აუცილებლად მექნება პირისპირ შევედრები კოლეგებთან. ამ შეხვედრებზე გადავცემთ ჩვენს მეგობრებს ჩვენს შესრულებულ სამუშაოს, სამომავლო ხედვებსა და აგრეთვე, არგუმენტაციას საკითხებზე, რასაც ისინი აყენებდნენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი კონგრესმენების წერილებით გახარებულია.

„ვნახე რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოში, გახარებული არიან, რომ წერილები გამოუგზავნეს ხელისუფლებას ვაშინგტონიდან. ეს ადამიანები თავის ქვეყანას არ გულშემატკივრობენ, მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები რამდენიმე კვირაში დასრულდება მათთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე კონგრესმენ პიტ ოლსონის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოლსონი არ მალავს, რომ კომპანია „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული.

„რაც შეეხება ოლსონის განცხადებას, ის არ მალავს, რომ არის დაკავშირებული კომპანია „ფრონტერასთან“. კომპანია „ფრონტერასთან“ დავა არის საერთაშორისო არბიტრაჟში, ჩვენ ვიქცევით პასუხისმგებლიანად და ამ დავის შესახებ განცხადებებს არ ვაკეთებთ, ვიდრე არბიტრაჟი არ დაადგენს სიმართლეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური შეფასებები. რა თქმა უნდა, მე ვერანაირად ვერ მოვუწონებდი ბატონ ოლსონს ამ ტონს და იმ განცხადებას, რომელიც კონკრეტულად მან გააკეთა. ეს არ არის პოზიცია, რომელსაც სხვა კონგრესმენები იზიარებენ და როდესაც ჩვენი ვიზიტები დასრულდება, თქვენ ამას დაინახავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.