კონგრესმენი პიტ ოლსონი - „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს
კონგრესმენი პიტ ოლსონი - „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს

კომპანია „ფრონტერა“ ბურღვით სამუშაოებს აღარ აწარმოებს, პუტინი ბედნიერია, რადგან საქართველოს ნავთობს აკონტროლებს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა პიტ ოლსონმა განაცხადა.

ამასთან, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა.

თავისი გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ოლსონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„რა აქვს „სეზამის ქუჩის“ ერთ-ერთ პერსონაჟ ოსკარსა და ბიძინა ივანიშვილს საერთო? მათ ორივემ დაანგრიეს საკუთარი სახლი. დღეს მე ვისაუბრე კონგრესში და მხარი დავუჭირე ქართველ ხალხს, რომელიც კორუმპირებული მთავრობისა და მათ ქვეყენაში რუსეთის გავლენის დასრულებას ითხოვს“ – წერს ოლსონი.

ვიდეოში ჩანს, რომ ამერიკელი კონგრესმენი წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციაზე გადაღებული სურათის ფონზე გამოდის სიტყვით.

„ვლადიმირ პუტინის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს დაესხა თავს და ადამიანების ძირითად უფლებებს დაარტყა. ტეხასური კომპანია „ფრონტერა რესორსი“ საქართველოში ბურღვით სამუშაოებს წლების განმავლობაში ატარებდა. მათ შექმნეს საუკეთესო სამუშაო ადგილები საქართველოსა და აშშ-ში. მათ შექმნეს თავისუფლება. ეს ხდებოდა, ვიდრე მთავრობამ მათი ოპერირება არ შეაჩერა და ყველა აღჭურვილობა ჩამოართვა. ახლა ისინი საქართველოში ბურღვით სამუშაოებს აღარ ატარებენ. რა თქმა უნდა, ვლადიმირ პუტინი ბედნიერია, რადგან აკონტროლებს საქართველოს ნავთობს. ეს მარიონეტი, ოლიგარქი ივანიშვილი მდიდრდება ქართველი ხალხის ზურგს უკან. ახლა გამოღვიძების დროა. ეს ფოტო აჩვენებს, რომ აქციის მონაწილეებს საქართველოში სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. შემომიერთდით და აიმაღლეთ ხმა თავისუფლებისთვის საქართველოში“, – აცხადებს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი სიტყვით გამოსვლის დროს.