არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს - ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი
არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს - ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრასა და ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ.

ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში.

ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას დადებითი შედეგების მისაღწევად“, – წერს „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე არჩილ თალაკვაძე.

კონგრესმენ ადამ კინზინგერს არჩილ თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა დემოკრატიისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ამასთან, ადამ კინზინგერმა დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას“, – აღნიშნავს კონგრესმენი.