არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცველთა თითოეულ გადაცდომაზე იყოს რეაგირება
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცველთა თითოეულ გადაცდომაზე იყოს რეაგირება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არსებობს პოლიტიკური ნება, რომ სამართალდამცველთა თითოეულ გადაცდომაზე რეაგირება იყოს.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა.

„ორი ძალიან ღირსეული კანდიდატი იქნა შერჩეული და ჩვენ ყველაზე ღირსეულს შევარჩევთ. მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებულ კანდიდატს სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იმ მიმართულებას იცნობდეს, სადაც საქმიანობა მოუწევს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დეპუტატის თქმით, ლონდა თოლორაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვან დეპარტამენტს უხელმძღვანელა.

„მან ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა პირადად მიიღო და ძალიან ღირსეული კანდიდატია. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს. ვინაიდან ინსტიტუტი ხელისუფლების გადაწყვეტილებით არის შექმნილი, პოლიტიკური ნება არსებობს, რომ თითოეულ ასეთ ფაქტზე რეაგირება იყოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილია ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები. პარლამენტი მათ ხვალ, პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ ივლისს ამოქმედდება.