არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იმ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ საქმიანობა
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იმ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ საქმიანობა

ვინმე თუ დაიბარეს პროკურატურაში და გამოკითხეს, ეს ხდება კანონმდებლობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, თითოეული საქმით, რაზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, პარლამენტი ინტერესდებოდა და დაინტერესდება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი.

„მედიის თავისუფლება ჩვენთვის არის ფუნდამენტური. მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია, ობიექტური ჟურნალისტიკა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, საქართველოში გავაუმჯობესოთ დემოკრატიის ხარისხი, განვაგრძოთ დემოკრატიული რეფორმები, რომლითაც საქართველო არის ერთ-ერთი სამაგალითო რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს იმ მიმართულებით, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ საქმიანობა და გარანტირებული იქნება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მედიასაშუალებების მრავალფეროვნება და როგორც ლიცენზირება, ასევე სხვა რეგულაციები, რომელიც მედიასაშუალებების საქმიანობას უკავშირდება, არის გამარტივებული და აქ არანაირი ზედმეტი ბიუროკრატია და შეზღუდვები არ არსებობს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს კანონის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც არის კანონის უზენაესობის პრინციპი, მაშინ თითოეული მოქალაქე, კანონის წინაშე არის პასუხისმგებელი, არა როგორც მედიასაშუალების წარმომადგენელი და ხელისუფლების წევრი თუ ოპოზიციონერი, არამედ პასუხისმგებელი არის, როგორც მოქალაქე, ვისზეც ვრცელდება ეს კანონები. თუ ვინმე დაიბარეს პროკურატურაში, გამოკითხეს, ეს ხდება კანონმდებლობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, თითოეული საქმით, რაზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, პარლამენტი ინტერესდებოდა და დაინტერესდება მომავალშიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პროკურატურამ კომპანიების, „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილე და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე დაიბარა.

სწორედ კომპანიები „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ ფიგურირებენ პროკურატურის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს „თიბისი ბანკიდან“ მათ სესხი მიიღეს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშებზე გადაირიცხა.

ვატო წერეთელს მოსამართლის თანდასწრებით სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოკითხავენ.