„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მოსამართლის თანდასწრებით სავარაუდოდ 8 აგვისტოს დაიკითხება
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი მოსამართლის თანდასწრებით სავარაუდოდ 8 აგვისტოს დაიკითხება

„ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს მოსამართლის თანდასწრებით სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოკითხავენ.

საგამოძიებო უწყებამ კომპანიების, „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ერთ-ერთი მეწილე და „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე დაიბარა. სწორედ კომპანიები „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ ფიგურირებენ პროკურატურის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც, 2008 წელს „თიბისი ბანკიდან“ მათ სესხი მიიღეს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშებზე გადაირიცხა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იმის გამო, რომ ვახტანგ წერეთელი უახლოესი ორი დღის განმავლობაში გამოკითხვაზე მისვლას ვერ მოახერხებდა, მისივე მოთხოვნის მიხედვით, დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ ხუთშაბათს მოხდება.