არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული და მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე
არჩილ თალაკვაძე - ხატია დეკანოიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული და მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აბსურდული სიაა და ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

კერძოდ, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელთაც, ამავე საიტის თანახმად, ჯერ არ შეხებიათ სანქციები. მათ შორის არიან ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, სულხან პაპაშვილი, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე, ალექსანდრე ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილი.

თალაკვაძის თქმით, ყველამ იცის, რომ რეალურად, სააკაშვილის გუნდია, ვინც აქტიურობს და ცდილობს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს.

„ყველამ იცის, რომ რეალურად, ეს არის სააკაშვილის გუნდი, ვინც აქტიურობს და ცდილობს, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანი მიაყენოს და ახლა საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა მელას თავის კუდი მოჰყავს მოწმედ. სააკაშვილს მოწმედ მოჰყავს თავისი თანაგუნდელები, რომლებიც არიან თანამდებობებზე უკრაინაში – აქედან სააკაშვილი და მისი ადვოკატები, იქიდან კი, სააკაშვილის მეგობრები ერთმანეთს უცვლიან განცხადებებს. ამიტომ სერიოზულ კომენტარს ამ აბსურდულ სიასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ. ვიცით, როგორ უჭერს მხარს საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა სანქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებაზე, სადაც დეკანოიძე ამბობს: „გავაკეთებ ყველაფერს, რომ დასანქცირდეს მეტი ადამიანი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე“.

როგორც არჩილ თალაკვაძე ამბობს, ხატია დეკანოიძემ აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს.

„ხატია დეკანოიძეს რაც შეეხება, მან დაადასტურა ის, რასაც ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სინამდვილეში, საქართველოს წინააღმდეგ ეს დამაზიანებელი საინფორმაციო კამპანია სწორედ მათი პარტიის მიერაა ორგანიზებული და დაადასტურა, რომ მას აქვს ჩაბარებული ეს საქმე. ასევე მან აღიარა, რომ საქართველოს რეპუტაციის წინააღმდეგ მუშაობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.