ხატია დეკანოიძე - გავაკეთებ ყველაფერს, რომ დასანქცირდეს მეტი ადამიანი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე
ხატია დეკანოიძე - გავაკეთებ ყველაფერს, რომ დასანქცირდეს მეტი ადამიანი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის, ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, პირადად ვმუშაობ სანქციებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გააღვივოს ანტიუკრაინული პროპაგანდა, რაც კრემლის ინტერესია.

დეკანოიძის თქმით, პირადად გააკეთებს ყველაფერს, რომ დასანქცირდეს მეტი ადამიანი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის. ხატია დეკანოიძის განმარტებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, უნდა იყოს სანქციების ქვეშ.

„ჩემთვის ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ვსაუბრობთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველო დაცილდა უკრაინას, დაცილდა მოლდოვას, ასოცირებული ტრიო დაიშალა და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ გააღვივოს ანტიუკრაინული და ანტიუკრაინული ხელისუფლების პროპაგანდა, რაც არის რუსული პროპაგანდის და კრემლის ინტერესი. ირაკლი კობახიძეს პირადად ვეტყვი, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა სანქციების სია გაიზარდოს, გავაკეთებ ყველაფერს პირადად, რომ რეალურად დასანქცირდეს უფრო მეტი ადამიანი, ვინც უკრაინის გამარჯვებას ხელს უშლის და საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ინფორმაციას ჩვენ ვაწვდით, მე პირადად ვმუშაობ ამ სანქციებზე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს რუსულ გავლენებს, უნდა იყოს სანქციების ქვეშ და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს. არა იმისთვის, რომ მე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა მიმაჩნია ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლად, არამედ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება და დასანქცირება მიმაჩნია ამ ქვეყნის გადარჩენად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.