არჩილ თალაკვაძე ტაქსის სერვისთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივებს მიესალმება
არჩილ თალაკვაძე ტაქსის სერვისთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივებს მიესალმება

ქვეყანას როდესაც 8 მილიონი სტუმარი ჰყავს, ტრანსპორტის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძის ინიციატივა, რომ ტაქსების სერვისი სტანდარტიზებული იყოს, ასევე ქალაქის იერსახე იყოს მოწესრიგებული და ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ უფასო პარკირება, დროული და აუცილებელია.

„ტაქსის მძღოლებს რეკლამიდან დამატებითი შემოსავალიც ექნებათ. ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების წახალისება მწვანე და ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისში სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელება აიკრძალება. ამასთან, აღნიშნა, რომ დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს უფასო საპარკინგე და სარეკლამო ადგილები, ასევე ტაქსის მანათობლები გამოეყოფათ.