თბილისში სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელება აიკრძალება
თბილისში სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელება აიკრძალება

თბილისში მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელება აიკრძალება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ამასთან, მისი თქმით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება, რომ დედაქალაქში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იყოს.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზეც, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს რეფორმის უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით,  ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე, 6 200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.  პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე 200 ლარით დაჯარიმდება.

დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ.

„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, ამის ყიდვა მოუწევთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.