არჩილ თალაკვაძე - გიგი უგულავას ბანერზე სახე აღარ აქვს, იმედი მაქვს, მალე იპოვიან, ვინც ეს გააკეთა
არჩილ თალაკვაძე - გიგი უგულავას ბანერზე სახე აღარ აქვს, იმედი მაქვს, მალე იპოვიან, ვინც ეს გააკეთა

დილიდან შემოვიარე ძალიან ბევრი საარჩევნო უბანი და ჯერ მხოლოდ ლურჯ ბარათებს ვხედავ, ასე რომ არ მგონია, გიგი უგულავას დანაპირები წითელი ბარათის ჩვენების შესახებ საფუძვლიანი იყოს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გიგი უგულავას განცხადებას, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ვანელები და ხონელები ხელისუფლებას დღეს წითელ ბარათს აჩვენებენ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე უგულავას საარჩევნო პლაკატების დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მალე იპოვიან მათ, ვინც ეს ჩაიდინა.

„ბატონ გიგი უგულავას სახე აღარ აქვს ბანერზე. იმედი მაქვს, მალე იპოვიან ადამიანებს, ვინც ეს გააკეთა. საერთო ჯამში, ეს ფაქტი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგზე“, – განუცხადა პირველ არხს არჩილ თალაკვაძემ.

ვანში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გიგი უგულავას დაზიანებულ ბანერთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოდნენ.

გიგი უგულავას ბანერზე კანდიდატის გამოსახულებას თავი აქვს ამოჭრილი. მომხდარის შესახებ დღეს, დილით გახდა ცნობილი.

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.