არჩილ თალაკვაძე - იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის მექანიზმი, რომელიც შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი
არჩილ თალაკვაძე - იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის მექანიზმი, რომელიც შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი

იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის მექანიზმი წინა ხელისუფლების დროს, რომელიც შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებითან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე განახლდება და დეპუტატები დღევანდელ და ხვალინდელ დღეს მთლიანად გამოიყენებენ, რათა კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღონ.

კითხვაზე – ითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა ფარული კენჭისყრის გადახედვის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2013 წელს საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ვენეციის კომისიამ მისცა რეკომენდაცია, ღია კენჭისყრა ფარულ რეჟიმში გადაეყვანა.

„ეს ეხებოდა სასამართლოს. ჩვენ ეს ფარული კენჭისყრის მოდელზე გადავიყვანეთ. ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული იყო საკანონმდებლო სივრცეში და ჩვენ ამ გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ის არგუმენტაცია, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი, არის მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღესაც, რომ ეს არგუმენტები გავითვალისწინოთ ამ რეკომენდაციებზე მსჯელობის დროს. ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი ასპექტი, რაზეც ამახვილებდა ყურადღებას ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ამ ნაწილში, ჩვენ 2013 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით და ეს საკითხი ისე დარჩება კანონპროექტში, როგორც არის. რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რომელსაც ახლა ითხოვენ ზუსტად ეს ოპონენტები. ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით. ეს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე – სრულად დააკომპლექტებს თუ არა ამ მოწვევის პარლამენტი უზენაეს სასამართლოს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში სიტყვასიტყვით წერია, რომ პარლამენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით.

„ეს რეკომენდაცია პოლიტიკურ საკითხს ეხება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ ამ რეკომენდაციას განვიხილავთ. ამ კონსულტაციას აუცილებლად გავივლით და შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, როგორც პირობა დავდეთ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს განვიხილავთ“, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე – რა როლი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, არჩილ ტალაკვაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას და დისკუსია, რომელიც ​უმრავლესობის წევრებს შორის გაიმართა, იყო ამომწურავი ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

„ჩვენ საბოლოო პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციით გამოვალთ უკვე პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტებს გაითვალისწინებს.