არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიასთან კონკურენციის საკითხი დამოკიდებული იქნება, რა პარტიას შექმნის და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს, მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება
არჩილ თალაკვაძე - გიორგი გახარიასთან კონკურენციის საკითხი დამოკიდებული იქნება, რა პარტიას შექმნის და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს, მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება

გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას რაც შეეხება, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პარტიას შექმნის, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. მეორე მხრივ, ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა.

„როგორც პარლამენტის სპიკერი მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ მათ წინასწარ შემატყობინეს თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. მეორე მხრივ, ვფიქრობ, უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს. ამიტომ, პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არათანმიმდევრული იყო დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ აჩვენა რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან მიმართებაში.

„მარტივად რომ გითხრათ, ეს ის საკითხი არ არის, რასაც ახლა მხატვრული ეპითეტებით უნდა გამოვეხმაუროთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დამოკიდებულება, რომელიც გიორგი გახარიამ აჩვენა რთული გადაწყვეტილების მიღების დროს და გუნდთან მიმართებაში, იყო არათანმიმდევრული, დღეს, როდესაც მან თავისი მეგობრები გაიყვანა უმრავლესობიდან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნამდვილად ეს მაშინ იყო არათანმიმდევრული დამოკიდებულება.

ყველამ მოისმინეთ ბრიფინგი, მათ ისაუბრეს პრობლემებზე, რომ არის პოლარიზაცია, ისაუბრეს სიღარიბეზე და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე, მათ შორის, იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომლებიც დღეს არის ქვეყანაში, ჩვენ, მთელი გუნდი ვატარებდით პასუხისმგებლობას, დღეს ეს ადამიანები გავიდნენ ამ პასუხისმგებლობიდან და მიუთითებდნენ, რომ სწორედ იმის გამო, რომ შეწუხებულნი არიან ამ თემებით, ტოვებენ საპარლამენტო უმრავლესობას. ეს, როგორც მინიმუმ, მოითხოვს მათი მხრიდან შემდეგ კითხვებზე პასუხებს. ეს კითხვები ექნება საზოგადოებას, მედიას და იქნება პოლიტიკურ დისკუსიაშიც“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, თალაკვაძის თქმით, პასუხისმგებლობის საკითხია, კიდევ გავა თუ არა ვინმე უმრავლესობიდან.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, რაც აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება.

„გადავა თუ არა ვინმე სადმე, ეს არის პასუხისმგებლობის საკითხი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, სწორედ ეს მაძლევს საშუალებას, ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ექნება მყარი უმრავლესობა. მიუხედავად ჩვენი კოლეგების უმრავლესობიდან გასვლისა, მაინც ახლაც „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს მყარი უმრავლესობა. გუნდი, რომელიც დღეს პარლამენტშია ამ სახით წარმოდგენილი, არის ჩვენი მხარდამჭერების დამსახურება და მე მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს. სწორედ მათი დამსახურებაა თითოეული ჩვენგანის პარლამენტში ყოფნა, შესაბამისად, ჩვენ ვატარებთ პასუხისმგებლობას ამომრჩევლის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და პასუხისმგებლობიდან გასვლა, ვფიქრობ, რომ არის შეცდომა და არათანმიმდევრული ნაბიჯი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.