არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს დელეგაციების ახალი შემადგენლობა უმრავლესობისა და უმცირესობის შიგნით ცვლილებებს უკავშირდება
არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს დელეგაციების ახალი შემადგენლობა უმრავლესობისა და უმცირესობის შიგნით ცვლილებებს უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციების ახალი შემადგენლობის თაობაზე ცვლილებებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დელეგაციების ახალი შემადგენლობა უმრავლესობისა და უმცირესობის შიგნით ცვლილებებს უკავშირდება.

„შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განაახლა დელეგაციების შემადგენლობა. აქ არანაირი პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება იყოს და არაფერი ისეთი არ ხდება, რაც პარლამენტის პოლიტიკურ ტრადიციებს არ შეესაბამება, ვინაიდან დელეგაციების განახლება მოხდა ყველგან, მათ შორის ამ დელეგაციის. შესაბამისად, ცალკე დისკუსია არ შემდგარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, დღეს კამათის ფონზე წარიმართა. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალი შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტს დღეს მხარი დაუჭირა. დაკომპლექტდა 10 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია და გადანაწილდა კვოტები, რასაც საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობიდან წასული დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ აღარ იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში. ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ კანონმდებლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, წარდგენილი იყვნენ დელეგაციაში.

რაც შეეხება ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობას, დადგენილების პროექტის გათვალისწინებით, ძირითად შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს, სათადარიგო შემადგენლობაში კი, ეკა ბესელიას სოფო კილაძე.

კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

საპარლამენტო დელეგაციების კვოტების გადანაწილება პარლამენტში განვითარებულ პროცესებსა და ახალ საპარლამენტო კონფიგურაციას უკავშირდება.