ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პირველ იანვრამდე მოქმედი შემადგენლობით იმუშავებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია პირველ იანვრამდე მოქმედი შემადგენლობით იმუშავებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა განმარტავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაცია პირველ იანვრამდე მოქმედი შემადგენლობით იმუშავებს.

სოფო ქაცარავას განცხადებით, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილება, რომ აღნიშნული დელეგაციის წევრები იყვნენ, პირველ იანვრამდე ექნებათ.

მისი თქმით, კვოტების გადანაწილების მიზეზი გახდა ახალი რეგლამენტი, ვინაიდან ცვლილებები განხორციელდა საპარლამენტო პოლიტიკური ძალების შემადგენლობაში. ქაცარავა ამბობს, რომ ვინაიდან ევროსაბჭოს რეგულაციებით აკრედიტაცია ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს პირველ იანვრამდე აქვთ, მათ ეს უფლებამოსილება შეუნარჩუნდებათ. თუმცა იმისთვის, რომ ახალი რეგლამენტი დაცული იყოს, პარლამენტმა მოამზადა დადგენილების პროექტი და კვოტები ფრაქციებზე გადაანაწილა.

სოფო ქაცარავას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია გამოეხმაურა და დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ უფლებამოსილება პირველ იანვრამდე უნარჩუნდებათ, რატომ განისაზღვრა დელეგაციის ახალი შემადგენლობა. ბესელიას თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ დადგენილების პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკან დაუბრუნდებოდა და გათვალისწინებული იქნებოდნენ კვოტების გადანაწილებისას დამოუკიდებელი დეპუტატები.

ბესელია ფიქრობს, რომ ახალი დადგენილება ევროსაბჭოში გარკვეულ უხერხულობას შექმნის. მისი თქმით, მას უკვე ჰქონდა შეფერხება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით იმ კომიტეტის სხდომას ვერ დაესწრო ევროსაბჭოში, რომლის წევრიც ექვსი წელია არის.

რაც შეეხება ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობას, დადგენილების პროექტის გათვალისწინებით, ძირითად შემადგენლობაში ზვიად კვაჭანტირაძეს არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლებს, სათადარიგო შემადგენლობაში კი, ეკა ბესელიას სოფო კილაძე.

კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

საპარლამენტო დელეგაციების კვოტების გადანაწილება პარლამენტში განვითარებულ პროცესებსა და ახალ საპარლამენტო კონფიგურაციას უკავშირდება.