არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტი
არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ხელისუფლების მნიშვნელოვანი პრიორიტეტი

ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკელი კონგრესმენენის ადამ კიზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„საქართველო თავის უსაფრთხოებას მომავალში, ისევე როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ხედავს ევროკავშირში და ნატო-ში. მადლიერნი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის და რასაკვირველია, აშშ არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ძლიერი საქართველოს მხარდაჭერაში, როდესაც საქმე ეხება გაწევრიანებას ნატო-ში. დღესაც საქართველო ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის არის ყველაზე დიდი შემადგენლობით წარმოდგენილი ავღანეთში, სხვა სამშვიდობო მისიებში და ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მსოფლიოში მშვიდობას და თავისუფლებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.