არჩილ თალაკვაძე - დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და ამაში თავისი მეგობრებიც დაარწმუნა
არჩილ თალაკვაძე - დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და ამაში თავისი მეგობრებიც დაარწმუნა

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებები, როდესაც ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო, გიორგი გახარიამ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

„როგორც პარლამენტის სპიკერი, მადლიერი ვარ და ვაფასებ იმ დამოკიდებულებას, რომ დეპუტატებმა წინაწარ შემატყობინეს მათი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გიორგი გახარიას და მასთან კონკურენციას, ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პარტიას შექმნის, ვინ იქნება მის გუნდში და რა პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევენ ისინი. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები იქნება გასაცემი. ვფიქრობ, მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, რადგან საზოგადოება ამას მხარს არ უჭერს. პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს ადგილს, ამ ადგილს იკავებს სხვა, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დატოვე კომენტარი