არჩილ თალაკვაძე - დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია აქვთ
არჩილ თალაკვაძე - დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია აქვთ

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და  შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან.

„მისი ინტერვიუ ინგლისურ ენაზე მოვისმინე და შემიძლია, გითხრათ ის ძირითადი საკითხები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ადამ კინზინგერმა თქვა, რომ საჭიროა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დარჩეს პროპორციული. იცით, რომ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. მან თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მიღწეული უნდა იყოს შეთანხმება. კონგრესმენმა ყველა მხარეს მოუწოდა, პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და შეთანხმებისკენ ნაბიჯები გადადგან. ჩვენ ნაბიჯები გადავდგით. ყველა მთავარ საკითხზე, რაზეც იყო პარტნიორებისა თუ ოპოზიციის მოთხოვნები, კონკრეტული, სამართლიანი შეთავაზებები და პირობები არსებობს. ამ შემთხვევაში, კონგრესში ჩვენი მეგობრების პოზიცია არის საერთო, რომ მხარს ვუჭერთ დიალოგს“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეთანხმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს კინზინგერი და სხვა კონგრესმენები საქართველოში მოვიწვიე, რომლებიც ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ. ძალიან წაგვადგება, თუ კონგრესმენები შეთავაზებას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ. ეს ხშირი პოლიტიკური ვიზიტები და ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მინდა, ოპოზიციის ამ ნაწილს პირდაპირ ვუთხრა – დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლას იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია. ეს არის წარმოუდგენელი და ნურავინ ეცდება ჩვენი მეგობრების განცხადებების გადაფარვას ისე, თითქოს, ეს არის რაღაც მათთვის პირადი მხარდაჭერა. მეტსაც გეტყვით, კონგრესმენების განცხადებები მხოლოდ ერთადერთს ადასტურებს – საქართველოს მიმართ არსებობს მაღალი მხარდაჭერა, ოპტიმიზმი და ინტერესი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, კონგრესში დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში შეთანხმება მიიღწევა.

„კონგრესში დარწმუნებული არიან, რომ შეთანხმებას შევძლებთ, ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ, რაც ქვეყანას მომავალში დაეხმარება. ჩვენ ამ პარტნიორობისა და მეგობრობის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ. მან თავის ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. თქვა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული და დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესთან. ჩვენც იგივე პოზიციაზე ვართ. არ შეიძლება, მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრის ნაწილი იყოს. ეს არის ცალსახა და კინზინგერს ამაში ვეთანხმები”, – დასძინა არჩილ თალაკვაძემ.