ადამ კინზინგერი - პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს თუ ვერ ვიხილავთ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება
ადამ კინზინგერი - პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს თუ ვერ ვიხილავთ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება

პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს თუ ვერ ვიხილავთ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამ​ერიკის ხმასთან“ განაცხადა.

კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე, ვიდრე საარჩევნო სისტემის რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს“, – განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ძალიან შეშფოთდა, როცა მიუვიდა ხმები გიგი უგულავას მოსალოდნელ დაკავებაზე. კინზინგერი აღნიშნავს, რომ ამაზე საკუთარი პოზიცია „ქართულ ოცნებას“ და ლიდერებს ძალზედ ნათლად გააცნო, „რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, მათი სასამართლო სისტემა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული.

„ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი და ოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი, და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის“, – ამბობს კონგრესმენი.

ამასთან, კითხვას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს დემოკრატია არის თუ არა საფრთხეში, აღნიშნავს: „ამ ეტაპზე საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა შემაშფოთებელ ეტაპზე ვართ“.

„ოქტომბერში უფრო მეტი გვეცოდინება იმაზე, თუ რა მოხდება და უფრო მეტი გვეცოდინება, როცა ეს მოლაპარაკებები დასრულდება. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავრობამ დადო სრული პროპორციული არჩევნების დაპირება 2020 წლის არჩევნებზე, მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციურად 2024 წელსაა გარანტირებული. ამისკენ ნაბიჯის გადადგმა და ოპოზიციასთან კომპრომისი მნიშვნელოვანი და საჭიროა. თუმცა, არშემდგარი სახელმწიფოსგან შორს ვართ. მაგრამ, შეშფოთება არსებობს. ქართველ ხალხს და ყველას, ვინც კი როლს თამაშობს, მთავრობის ლიდერები იქნება თუ ოპოზიცია, ნათლად უნდა ესმოდეს, თუ ეს წარუმატებლად დასრულდება, საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის“, – აცხადებს კონგრესმენი.

მისივე თქმით, არჩევნები თუ არ იქნება ლეგიტიმური და დემოკრატია მარცხს განიცდის, ეს არავის სარგებელს არ მოუტანს, რუსეთს გარდა.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, კონგრესმენი აცხადებს: „ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“, – განაცხადა კონგრესმენმა.