არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს და ამ მომენტისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩავატარეთ არსებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, კომისიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხვებზე მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შესაბამისი დასკვნა მომზადდება.

„დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან კვალიფიციურ და კომპეტენტურ დასკვნას მოვამზადებთ. დღეს პროკურატურის მაღალჩინოსნებს გამოვკითხავთ. მათთან არაერთი კითხვა გვაქვს. კერძოდ, რა გააკეთეს და რისი გაკეთება შეიძლებოდა კიდევ უფრო აქტიურად, რომ მოწმეებს, რომელთაც არასრული ჩვენებები მისცეს ან თავი შეიკავეს გამოძიებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდებისგან, მიეწოდებინათ ინფორმაცია. ამ საკითხებზე მათი პოზიცია გვაინტერესებს“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ კომისიას ასევე, საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები აინტერესებს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს N12 სხდომას მართავს, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესი ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობენ.