არჩილ თალაკვაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნის დაყენება სამართლიანი არ არის
არჩილ თალაკვაძე - ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნის დაყენება სამართლიანი არ არის

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანია, არ მოხდეს ადამიანების გარიყვა, მათი დამცირება და დისკრიმინაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანი არ არის.

„ამ თემაზე გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა და არა თავმჯდომარემ ან რომელიმე დეპუტატმა. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ამ მოთხოვნის დაყენება არ არის სამართლიანი. ეს იყო ვალდებულების ნაწილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიზანი რეალურად ის არის, რომ ადამიანების გარიყვა, მათი დამცირება და დისკრიმინაცია საზოგადოებაში არ მოხდეს, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობების, რასის, ეთნიკური წარმოშობის, სქესის და სხვა ნიშნით. ამ კანონის მიზნები და სტანდარტი იყო და არის ეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას თალაკვაძის მისვლასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოქალაქეებს ყოველთვის ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება.

„რაც შეეხება ჩემთან შეხვედრის მოთხოვნას, მე ამ პოზიციის დაკავებამდეც მოქალაქეებს ყოველთვის ვხვდებოდი და მომავალშიც მზად ვარ, ყოველთვის შევხვდე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ გუშინ პარლამენტის წინ გამართულ ქციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მისვლა მოითხოვა. როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, თალაკვაძემ უნდა დადოს პირობა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გაუქმდება.