არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე სახელმწიფო უწყებები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე სახელმწიფო უწყებები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ.

არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა ძალებმა მოახერხეს, საპრეზიდენტო კამპანია შეურაცხმყოფელ და კონფრონტაციის რეჟიმში წარიმართოს, რაც არ იყო არც სალომე ზურაბიშვილის, არც „ქართული ოცნებისა“ და არც სხვა პროდასავლური პარტიების მიზანი.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა სატელიტებმა ის შეძლეს, რომ საპრეზიდენტო კამპანიის გარემო ძალადობასა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაზეა ორიენტირებული. მესმის, ამ ადამიანებს რა ამოძრავებთ და სიტუაციის დაძაბვას რატომ ცდილობენ. სალომე ზურაბიშვილმა ამ ყველაფერს ცივილური პასუხი გასცა და სახელმწიფოს მიმართავს, მისი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უწყებები მის განცხადებაზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ”, – დასძინა თალავაძემ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.