არჩილ თალაკვაძე​ - სამწუხაროდ, შეთანხმება დარღვეული იყო რუსეთის დუმის წარმომადგენლის მხრიდან, რასაც მოყვა ჩვენი გუნდის მყისიერი რეაქცია
არჩილ თალაკვაძე​ - სამწუხაროდ, შეთანხმება დარღვეული იყო რუსეთის დუმის წარმომადგენლის მხრიდან, რასაც მოყვა ჩვენი გუნდის მყისიერი რეაქცია

ბუნებრივია, უნდა ყოფილიყო გათვლილი ის სცენარიც, რომ რუსეთის დუმის წარმომადგენელს შესაძლოა, ეს ფორმატი გამოეყენებინა ასეთი ჟესტისთვის, რომელიც ცალსახად იყო პროვოკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„საზოგადოებამ იცის და ჩვენ ვაჩვენეთ კონფერენციის მასალები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კონფერენცია უნდა წაეყვანა ბერძენ დეპუტატს. ეს შეთანხმება სამწუხაროდ, დარღვეული იყო რუსეთის დუმის წარმომადგენლის მხრიდან, რასაც მოყვა ჩვენი გუნდის მყისიერი რეაქცია და შემდგომში ჩვენი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის დემონსტრირება.

სრულად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული. ბუნებრივია, უნდა ყოფილიყო გათვლილი ის სცენარიც, რომ რუსეთის დუმის წარმომადგენელს შესაძლოა, ეს ფორმატი გამოეყენებინა ასეთი ჟესტისთვის, რომელიც ცალსახად იყო პროვოკაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა: „ბერძენი გენერალური მდივანი უცებ რატომ გადგა გვერდზე და დაჯდომა გავრილოვს სთხოვა, ბოლომდე არ მესმის”.