არჩილ გორდულაძე – ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა.
გორდულაძის თქმით, ყველა კვლევა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური კონიუქტურისგან, საქართველოს პროგრესზე მეტყველებს.
„ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა. ბევრჯერ მოგვისმენია ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ფრაზა, ცუდად იქცევა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ისინი ქართველ ხალხს არ მიატოვებენ. ჰოდა ამ მაღალჩინოსნებს მინდა ვურჩიო, რომ მათივე კვლევა წაიკითხონ, რომელიც ნათლად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი სწორედ მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ენდობა და ნდობის ამ რეიტინგში ევროპაში მეხუთე პოზიციაზე ვართ“, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.