„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია

12:17, 02.10.2026

ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში ჩატარდა.

2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავრობას 54.1% ენდობა. ამ მაჩვენებლით საქართველო მეხუთეა, ლუქსემბურგის, დანიის, მონტენეგროსა და ავსტრიის შემდეგ. წინა შეფასებაში, 2024 წელს ქვეყანა მერვე პოზიციაზე იყო, 47%-ით ირლანდიასთან ერთად.

ამავე მონაცემებით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში ლიდერობს ლუქსემბურგი (79.9%-ით), შემდეგ მოდის დანია 68.5%-ით, მონტენეგრო 60.8%-ით, ავსტრია 57.9%-ით, საქართველო – 54.1%-ით.

რეიტინგის ბოლო პოზიციებზეა ხუთი ქვეყანა: ნიდერლანდები (29.4%), ბოსნია და ჰერცეგოვინა (29.3%), საფრანგეთი (24.2%), საბერძნეთი (24.1%) და სლოვენია (21.7%).

გლობალური მმართველობის ინდიკატორები მსოფლიო ბანკის პროექტია, რომელიც 1996 წლიდან აფასებს მმართველობის ექვს განზომილებას 200-ზე მეტ ქვეყანაში. ინდიკატორები 35 წყაროს მონაცემებს აერთიანებს. „ევრობარომეტრი“ ამ წყაროებიდან ერთ-ერთია.

„ევრობარომეტრი“ ევროკავშირის ინსტიტუტების, მათ შორის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის, ოფიციალური გამოკითხვის ინსტრუმენტია. იგი ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის გამოიყენება, როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური და სოციალური განწყობების შესასწავლად. გამოკითხვა წელიწადში ორჯერ ტარდება, ეროვნული შერჩევების საფუძველზე, პირისპირ, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუებით.

მსოფლიო ბანკის გვერდზე მითითებულია, რომ გლობალური მმართველობის ინდიკატორები აღქმაზე დაფუძნებული მონაცემებია და მათი გამოყენება მხოლოდ კვლევისა და პოლიტიკის ანალიზისთვის არის რეკომენდებული.

მსგავსი