არჩილ გაჩეჩილაძე - ობლიგაციების ბაზარს აქვს განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ბანკების მხარდაჭერით
ობლიგაციების ბაზარს აქვს განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ბანკების მხარდაჭერით, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისი თქმით, რაც შეეხება აქციების ბაზარს, მათი განვითარება ეკონომიკის ზრდის გარეშე ნაკლებად მოსალოდნელია.
გადაცემაში საუბარი მაკრო-ეკონომიკურ საკითხებთან ერთად კაპიტალის ბაზრის განვითრების პერსპექტივებსაც შეეხო. გადაცემის თანაწამყვანი, კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი დაინტერესდა, რამდენად პერსპექტიულია ბიზნესისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვა საბანკო სესხის ალერნატიული პროდუქტების ობლიგაციების, იგივე ბონდებისა და აქციების მეშვეობით.
„მიმაჩნია, რომ ბონდების ბაზარს აქვს პერსპექტივა და არა განცალკევებულად, არამედ ბანკების მხარდაჭერით. ხვალინდელი საბანკო დღე ისეთია, რომ ყველაფერი საკუთარ ბალანსზე არ უნდა აიღო. რისკი უნდა გადაანაწილო ერთი მხრივ იმ ტიპის ინვესტორებზე, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, მეორე მხრივ, არიან შეძლებული ბიზნესმენები, ვისაც საკუთარი თანხის განთავსება უნდა. ობლიგაციები ორივე მიმართულებით კარგია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ობლიგაციების ბაზრის განვითარებას. რაც ბიზნესისთვის კარგია, არ შეიძლება ჩვენთვის ცუდი იყოს. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია ლარიზაცია და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომლის მეშვეობითაც რეფინანსირების სესხები ან სხვა ტიპის პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდება, რათა ობლიგაციებში ჩაიდოს“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გადაცემის თანაწამყვანმა აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზრის შემაფერხებელ ფაქტორებს შორის ექსპერტების ნაწილი საბანკო მონოპოლიასაც ასახელებს. გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საბანკო სექტორმა დიდი წვლილი შეიტანა, როგორც უშუალოდ საფონდო ბირჟის, ისე ობლიგაციების განვითარების კუთხით.
„სუბიექტური ვარ ამ საკითხთან მიმართებით, მაგრამ მაინც ვიტყვი. უშუალოდ ვიყავი ჩართული საფონდო ბირჟის განახლება-გადაიარაღებაში. მილიონობით ლარი ჩაიდო ჩვენი ორგანიზაციისა და და სხვა ორგანიზაციებისაც. ეროვნულ ბანკთან ერთად განვითარდა სხვადსხვა ტიპის პროგრამები, რომელთაც წაახალისეს ობლიგაციები, განსაკუთრებით გირაოს შესაბამისი ფინანსური რესურსების წამოღების პროგრამა. ეს პროგრამა შესაძლებელია, რომ განვითარდეს და გაფართოვდეს. ეროვნული ბანკის მხრიდან თითქოს ამის მზაობა დაფიქსირდა. შესაბამისად, ობლიგაციების კუთხით საკმაოდ ბევრი გაკეთდა, მათ შორის, ბანკების მხრიდან. რაც შეეხება აქციების ბაზრის განვითარებას, მგონია, რომ ეკონომიკის ზომის გაზრდის გარეშე დიდი მოლოდინები ვერ იქნება“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.