არჩილ არველაძე - ვთქვი, რომ ნაკრებში ასე არ უნდა ხდებოდეს და ეს უკვე არ მოეწონათ #1TVSPORT
არჩილ არველაძე - ვთქვი, რომ ნაკრებში ასე არ უნდა ხდებოდეს და ეს უკვე არ მოეწონათ #1TVSPORT

„არ მწიფდება თემა, რომ არველაძეები ნაკრებში მწვრთნელად დაინიშნონ?“ – არჩილ არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“-ში ამ თემაზე ისაუბრა.

„ეს ყველაზე მტკივნეული და ყველაზე სენსიტიური თემაა, ჩვენთვის განსაკუთრებით. შენმა საყვარელმა ქვეყანამ ერთ დღეს შეიძლება მეფედ გამოგაცხადოს და მეორე დღეს – დაგმარხოს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აქ ზოგადად ეროვნული ნაკრების და „დინამოს“ მწვრთნელობაზეა ლაპარაკი. ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. ამ დროს, ეს სფერო ჩვენი მოსახლეობის 2-მა პროცენტმაც არ იცის. აქ თამაშის წესზე კი არაა ლაპარაკი, რომელიც 90 პროცენტმა ბოლომდე არც იცის.

– მწვრთნელს დიდ ხელფასს რომ აძლევენ, ეს ნიშნავს, რომ ამ პროფესიაში განსხვავება ცოდნაშია. არიან მწვრთნელები, რომლებიც 2 ათასს იღებენ და ზოგი – 20 მილიონს. ანუ, ამ სფეროს ცოდნა სჭირდება. აქ კი ყველა მოგცემს შენიშვნას, რატომ არ გააკეთე შეცვლა, რატომ არ გააკეთე ეს. შენ მერე ისე განიცდი ამ ყველაფერს – კომენტარებს, პრესის შეფასებას, იგივე ქუჩაში ლაპარაკს, რომ მერე საპირწონედაა საქმე – ღირს კი ამ ყველაფრის ატანა თუ არ ღირს?

– ამ თემას არ გავშლი, რადგან რომ გავშალო, ბევრი მიხვდება, რასაც ვიტყვი – მე რისი თქმაც მინდა, ამას ვერც ჩემს თავს ვერ ვაკადრებ და ვერც – მაგათ. იმიტომ, რომ ზოგს ცხვირში მოხვდება და მერე იტყვის, რომ მე რაღაც არასწორად ვთქვი.

– მე ვთვლი, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა ვაკეთოთ და შესაბამისად, მე და შოთამ თუ რომელიმე კონკრეტულ თამაშზე კომენტარი გავაკეთეთ, დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე მეტი ილაპარაკა და სახელებიც დაასახელა ლევანმა (კობიაშვილმა) – ჩემზე ათჯერ უფრო მძაფრად. მე ვთქვი, რომ ცუდად ითამაშეს და მიდგომას ვგულისხმობდი. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ნაკრებში ამხანაგური თამაში არ არსებობს.

– მატჩი ამხანაგურია თუ ბიძაშვილური, მაინც თავისი დატვირთვა აქვს და იქ 10 კაცის გადასხვაფერება და გამოცდა არ არის ანთალიაში ჩატარებული თამაში-მეთქი – იქ მართლა ასეთი შეხვედრებია. ჩადიხარ და მეტოქეს მოელაპარაკები, რომ სამჯერ 45 წუთი ვითამაშოთ. ანუ ყველა რომ ათამაშო. მე ვთქვი, რომ ნაკრებში ასე არ უნდა ხდებოდეს-მეთქი. მგონია, რომ ფეხბურთში შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო. შეიძლება ვცდები. ეს უკვე არ მოეწონათ.

– ღმერთმა არ გამაჭირვოს ისე, რომ პოლიტიკაში წავიდე. მქონია შემოთავაზება, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვყოფილიყავი. ჩემს წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი – მას მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო. შემოთავაზება ისეთი პარტიიდან მქონდა, უპრობლემოდ უნდა მომეგო, მაგრამ ჩემი პირველი რეაქცია იყო, რომ ვერანაირად ვერ უნდა მოვუგო, რადგან ამ საქმეში მჯობია-მეთქი“.

დატოვე კომენტარი