არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთის ადვოკატი აცხადებს, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას აპირებს
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთის ადვოკატი აცხადებს, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას აპირებს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულთაგან ერთ-ერთის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, რისი მტკიცებულებაც ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

„ვიცავ ერთ პირს, მისი გვარისა და სახელის დასახელებისგან თავს შევიკავებ მისივე თხოვნით. ეს არის პირი, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა ერთ-ერთ ბრალდებულთან და მისი ბრალდება არის, თითქოს მან იცოდა, რომ დანაშაული მზადდებოდა და ჩადენილი იყო და პოლიციას არ აცნობა. ე.ი. ეს არის 376-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ასეთი პირის მიერ ამ დანაშაულზე ინფორმაციის პოლიციისათვის მიუწოდებლობას. არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არის, რომელიც ამას დაადასტურებდა არათუ უტყუარად, ირიბად მაინც საეჭვოც კი არ არის წარმოდგენილი პროკურატურის მიერ. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს და არ უთითებს, რომ ამ ადამიანმა იცოდა რამე. სატელეფონო კავშირი ჰქონდა თავის მეგობართან, ყოფა-ცხოვრების საკითხებზე. ჩვენ ჩავიბარებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. სასამართლოს არ უთქვამს, რითი დაასაბუთა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

დატოვე კომენტარი