არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვა მინიმალური განაკვეთით დაიბეგრება
არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვა მინიმალური განაკვეთით დაიბეგრება

არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება.

აღნიშნული ცვლილება ერთ-ერთია იმ საგადასახადო ინიციატივებიდან, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.

ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მოხდეს.

მისი თქმით, დღეს არსებული ნორმებით, ბიზნესი თავს არიდებს შეისყიდოს საქონელი არამეწარმე ფიზიკური პირისგან, რადგან მსგავს ხარჯს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი არ ახლავს, რის გამოც საწარმოს საგადასახადო ტვირთი ეზრდება. შესაბამისად, ხშირად ბიზნესი უარს ამბობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვაზე.

„მაგალითად გუდაურში სასტუმროს ან ნებისმიერ მსხვილ ბიზნესს  ადგილობრივი ფიზიკური პირისგან სურს შეიძინოს მის მიერ დამზადებული პროდუქცია – სუვენირი, რძის პროდუქტი და სხვა, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ პირი ვერ ახერხებს სრულყოფილი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერას, რის გამოც საწარმოს ეზრდება საგადასახადო ტვირთი“, – განაცხადა ბახტაძემ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, საწარმოს უწევს ფიზიკური პირისთვის გადახდილი საქონლის ღირებულების 15 პროცენტის გადახდა მოგების გადასახადის სახით.

მისი თქმით, შედეგად, საწარმო თავს არიდებს ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვას.

„ცვლილება ხორციელდება აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. ერთი მხრივ, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვისას, დაბეგვრა განხორციელდება, გადახდის წყაროსთან მინიმალური განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ; მეორე მხრივ, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირს მიეცემა ზედნადების გამოწერის უფლება და ასეთ შემთხვევაში, მიკრო ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენისას, საწარმო აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.