„არ VAR-გიხართ“ - ბათუმელებმა ვიდეორეფერის მუშაობა დაიწუნეს #1TVSPORT
„არ VAR-გიხართ“ - ბათუმელებმა ვიდეორეფერის მუშაობა დაიწუნეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გორის „დილასთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა, გუნდის გულშემატკივრებმა კი ვიდეორეფერის სისტემის მუშაობა ორიგინალურად გააპროტესტეს – ბათუმელებმა სტადიონზე ბანერი გამოფინეს – „არ VAR-გიხართ“. ამით VAR-ის სისტემის (ვიდეორეფერის) მუშაობა დაიწუნეს.

ბათუმელი გულშემატკივრები ვიდეორეფერის რამდენიმე გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. ბოლო ამბავი „დილასთან“ შეხვედრისას მოხდა – ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მატჩის მთავრმა არბიტრმა 61-ე წუთზე მასპინძლების თავდამსხმელი პაატა ღუდუშაური მოედნიდან გააძევა – „დილამ“ რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლა და 2:0 მოიგო.

მე-11 ტურში ბათუმის „დინამომ“ „საბურთალოსთან“ მოგება ბოლო წამებზე დანიშნული პენალტით ხელიდან გაუშვა. ეს გადაწყვეტილებაც ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ მიიღეს, მატჩი 3:3 დასრულდა.

მერვე ტურში, ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისთან“ საშინაო მატჩი 2:2 დაასრულა. შეხვედრის 45+2-ე წუთზე, ბათუმელთა ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი გააძევეს. ამ შემთხვევაში პრეტენზიის მიზეზი ის გახდა, რომ მომენტი ვიდეორფერიმ არ გადაამოწმა.