არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების - კობიაშვილმა ახალ პლატფორმაზე ისაუბრა #1TVSPORT
არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების - კობიაშვილმა ახალ პლატფორმაზე ისაუბრა #1TVSPORT

ლევან კობიაშილმა კომენტარი გააკეთა ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმის შექმნაზე.

„ახალ ეტაპზე გადასასვლელად, უპირველესად, არსებული პრობლემების გაანალიზება, მისი მიზეზების ძებნა და გადაჭრის გზების ძიებაა საჭირო. მთავარი შეცდომა, რომელიც წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს ისაა, რომ მუდამ სხვაგან ვეძებდით და ვეძებთ პრობლემას. გვავიწყდება ის, რომ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – ვაკეთებ მე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩემი გუნდი, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს?

არ უნდა გვეშინოდეს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, არ უნდა გვეგონოს, რომ სხვა გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, არამედ ჩვენვე უნდა ვიყოთ მუდამ ჩვენი შესაძლებლობის ზღვარზე და თუ თითოეული ჩვენგანი ამ იდეით გაერთიანდება, სწორედ ეს განსაზღვრავს შემდგომ ჩვენ წარმატებას.

ჩვენი ახალი ლოგო და სლოგანიც ამ ფილოსოფიას ატარებს – „მე ვარ საქართველო” – ვიაზრებ ჩემს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, იმას, რომ მე უნდა გავაკეთო ჩემი საქმე.

მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად გვჯეროდეს ამ სიტყვების, ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ვთქვათ, რომ დიახ, სწორედ მე ვარ საქართველო, მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ ეს გუნდი, ეს ქვეყანა წარმატებული იქნება“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „ჩვენი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ ვერ გადაგვქონდა ფეხბურთელების ინდივიდუალური წარმატება გუნდურ წარმატებაში. ვერ შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი სიძლიერე.

ვფიქრობ, ყველა ძლიერი გუნდის უკან ძლიერი ფილოსოფია და იდეოლოგია დგას, რომელიც უნდა აერთიანებდეს ბავშვთა ფეხბურთს, ქალთა, ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებს. ამის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ წარმატებისთვის ინდივიდუალურად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი იქნება, გულშემატკივარი თუ ფეხბურთში ჩართული სხვა პირი – ყველამ ჩვენი საუკეთესო შედეგი უნდა ვაჩვენოთ.

თუ მე არ მივცემ მაგალითს, რომ მე ვაკეთებ ჩემს საუკეთესოს, ვერც სხვას მოვთხოვ ამას. თუ გუნდში თითოეული ინდივიდი ძლიერია და პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, საბოლოოდ მთელი გუნდი წარმატებულია.

ახალი ლოგოც სწორედ ამ იდეოლოგიას ატარებს – ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ყოველთვის ჩვენივე თავია. როცა წარმატების მიღწევა გვინდა, პირველ რიგში, ჩვენი თავი უნდა დავამარცხოთ.

ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გვინდა და ვთვლი, რომ ახლა ყველაზე სწორი და კარგი დროა ახალი ეტაპის დასაწყებად და ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტია ქართულ ფეხბურთში.“