„აქსიოსი“ – აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაარტყას რუსეთს, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში იმყოფება

20:16, 25.08.2026

აშშ-მა უკრაინას სთხოვა, არ დაარტყას რუსეთს, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, რატკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრებოდა და სთხოვა, შეტევა დროებით შეეჩერებინა.

მედიის ცნობით, ბოლოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი პირადად რუსეთს 2021 წლის ნოემბერში ეწვია.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება. როგორც მედია წერს, უცნობია, კონკრეტულად ვისთან და რა საკითხზე მართავს შეხვედრას დაზვერვის მაღალჩინოსანი.

ამასთან, Flightradar24-ის ინფორმაციით, დღეს აშშ-ის საჰაერო ძალების C-17A Globemaster III სატრანსპორტო თვითმფრინავი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე ენდრიუსის ავიაბაზიდან აფრინდა, შემდეგ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაჩერდა, ბოლოს კი მოსკოვში დაეშვა.

მსგავსი